ევროკომისიის პრესსპიკერმა გაფართოების, საერთაშორისო პარტნიორობისა და ხმელთაშუა ზღვის საკითხებში გიომ მერსიემ „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ საქართველო გაფართოების ფორუმზე მიწვეული არ არის,
„გასულ კვირას გამოვაქვეყნეთ გაფართოების ანგარიში, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველო სულ უფრო შორდება ევროკავშირისკენ მიმავალ გზას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ იყო უკუსვლა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმებთან დაკავშირებით და ეს უპრეცედენტოა კანდიდატი ქვეყნისთვის. სიტუაცია გაუარესდა გასული თვეების განმავლობაში და ჩვენ აღვნიშნეთ დემოკრატიული უკუსვლა“.
მისი თქმით, ბრიუსელმა შეამცირა კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან.
„რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობებს საქართველოს ხელისუფლებასთან, როგორც იცით, შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან, გარდა იმ კონტაქტებისა, რომლებიც ორიენტირებული იყო არსებულ სიტუაციაში წინსვლის გზის პოვნაზე. ასე რომ, გაფართოების ანგარიშთან, გაფართოების ფორუმთან დაკავშირებით შემიძლია დავადასტურო, რომ ამ ფონზე, საქართველო გაფართოების ფორუმზე არ მიიწვიეს“, - აღნიშნა პრესსპიკერმა.
გაფართოების ფორუმი ბრიუსელში 18 ნოემბერს არის დაგეგმილი.