თბილისის საქალაქო სასამართლომ, სუპერმარკეტ „სპარის“ ორი თანამშრომლის მიმართ ძალადობის საქმეზე, ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანსა და კიდევ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში ბრალი წარდგენილი აქვთ: შოთა აფციაურს, დაჩი კეკლიას, ლევან გრძელიძესა და დავით პეტრიაშვილს, ხოლო ჯაკო ჩარკვიანს ბრალად ედება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა.
შემდეგი სხდომა 24 დეკემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.
დღესვე, სუპერმარკეტთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდებულ მანანა გიორგობიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მანანა გიორგობიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს, რასაც თან ახლდა ძალადობა. აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება დაკავებულ 5 პირს, მათ შორის, ჯაკო ჩარკვიანს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.