საპროტესტო აქციებისას დაკავებულ ზვიად ცეცხლაძის მამის, ზურაბ ცეცხლაძის განცხადებით, მისი შვილის „ტერორისტად“ მოხსენიების გამო, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს.
ზურაბ ცეცხლაძის თქმით, ევროკავშირის ელჩს თავდაპირველად ზვიადმა მისწერა წერილი, "რითაც მოითხოვდა არ გაეუქმებინათ ვიზალიბერალიზაცია და ევროსაბჭოდან არ გამოვეძევებინეთ". როგორც მან აღნიშნა, შალვა პაპუაშვილს ბრიფინგი ჰქონდა, მას შემდეგ, რაც ზვიადმა პაველ ჰერჩინსკისგან ციხეში წერილი მიიღო.
„ევროკავშირის ელჩის პასუხი ძალიან მოზომილი და დიპლომატიური იყო, იქ არ იყო ისეთი რამ, რომელსაც მათი გაღიზიანება შეეძლო. მაგრამ ერთ-ერთ ბრიფინგზე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა - „ტერორისტთან საელჩოს მიმოწერა არანაირი ყოველდღიური დიპლომატიური საქმიანობა არ არის, მართლა შტერები ვგონივართ, მე მგონი, ამათ ქართველები“.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნებისა“ და ზვიად ცეცხლაძის პოზიციები ფაქტობრივად ერთმანეთს ემთხვეოდა.
აქედან გამომდინარე, სარჩელს ვამზადებთ, რომელსაც სასამართლოში შევიტანთ, რითაც მოვითხოვთ, რომ შალვა პაპუაშვილმა იმავე საინფორმაციო საშუალებებით უარყოს ეს ინფორმაცია და დაადასტუროს, რომ ეს მისი მხრიდან შეცდომა იყო. ბოდიშსაც თუ მოიხდის კარგი იქნება, რადგან ახალგაზრდა ბიჭს ტერორისტი უწოდა მაშინ, როდესაც ზვიადი ტერორიზმის მუხლით გასამართლებული არ არის.
ვფიქრობთ, რომ ამ სარჩელს კვირის ბოლომდე შევიტანთ. მოლოდინი არ მაქვს, რომ სასამართლო ამ სარჩელს წარმოებაში მიიღებს, მაგრამ ყველა ინსტანციაში ამ თემას ამოვწურავ. ეს ჩვენთვის სასტრასბურგე საკითხია. შეურაცხმყოფელია ჩემი შვილის მისამართით მსგავსი ტერმინის გამოყენება. უღირსნი უნდა ვიყოთ, რომ ეს ყურადღების გარეშე დავტოვოთ და ეს საქმე ბოლომდე არ მივიყვანოთ“, - განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ დღეს, 4 ნოემბერს, თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.