Financial Times-ის ცნობით, აშშ-მა ბუდაპეშტში აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის დაგეგმილი შეხვედრა უკრაინასთან დაკავშირებული მოსკოვის მკაცრი მოთხოვნების გამო გააუქმა.
გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გადაწყვეტილება აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის „დაძაბული სატელეფონო საუბრის“ შემდეგ მიიღეს.
საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც კრემლმა თეთრ სახლს გაუგზავნა მემორანდუმი, რომელშიც ბუდაპეშტში დაგეგმილი სამიტამდე უკრაინასთან დაკავშირებით მისი პოზიცია იყო მოცემული.
Financial Times-ის ცნობით, რუბიომ დოკუმენტი ლავროვთან განიხილა და კონსულტაციების შემდეგ ტრამპს ნათლად აუხსნა, რომ მოსკოვი მოლაპარაკებებისთვის მზად არ იყო და პუტინთან ბუდაპეშტში შეხვედრის გამართვა უშედეგო იქნებოდა.
გაზეთის წყაროების ცნობით, მოსკოვის მაქსიმალისტური მოთხოვნები საერთოდ არ შეცვლილა - დონბასის უბრძოლველად დათმობის გარდა, კრემლი დაჟინებით მოითხოვს აღმოიფხვრას ის, რასაც პუტინი რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის „ძირითად მიზეზებს“ უწოდებს.
ამ მოთხოვნებს შორის იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შეზღუდვა და გარანტიები იმისა, რომ უკრაინა ნატო-ში არ გაწევრიანდებოდა.