20 წლის წინ ვერც კი წარმომიდგენია ასეთი რამ გაეკეთებინა, გერმანიის ბუნდესტაგს - ერთი: საერთოდ არ სცემენ კითხვებზე პასუხს და მეორე, რასაც სცემენ, ისიც ტყუილია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გერმანიის მთავრობის პასუხებს გამოეხმაურა, რომელიც საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საქმიანობას შეეხებოდა.
მისი თქმით, „რაც ქართველმა ხალხმა კარგად იცოდა, ის დადასტურდა იმ ტყუილმა და ბუნდოვანებამ, რომელიც გერმანიის მთავრობის მხრიდან ჩანს“.
„ხედავთ, სადამდე მივიდა ევროპული ბიუროკრატია, სადამდე მივიდა ევროპული პარლამენტარიზმი?! 20 წლის წინ ვერც კი წარმომიდგენია ასეთი რამ გაეკეთებინა, გერმანიის ბუნდესტაგს. ერთი: საერთოდ არ სცემენ კითხვებზე პასუხს და მეორე: რასაც სცემენ, ისიც ტყუილია. მართლა, სადამდე მივიდა გერმანული და ზოგადად ევროპული ბიუროკრატია და პარლამენტარიზმი?!
ძალიან დასანანი და სამწუხაროა, რომ როცა კითხვებზე პასუხის გაცემის გეშინია, აქ ჩანს, რომ პროცესები სუფთად არ წარიმართება. რაც ძალიან კარგად იცოდა ქართველმა ხალხმა, რეალურად ის დაადასტურა იმ ტყუილმა და ბუნდოვანებამ, რომელიც გერმანიის მთავრობის მხრიდან ჩანს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, გერმანიის მთავრობამ უპასუხა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კითხვებს, რომლებიც საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საქმიანობას შეეხებოდა. წერილში აღნიშნულია, რომ პეტერ ფიშერის მიერ საქართველოში „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ძვირადღირებული ქონების ქირავნობის შესახებ გავრცელებული ცნობა სიმართლეს არ წარმოადგენს.
ასევე, წერილში საუბარია, პეტერ ფიშერის საქართველოს მთავრობის წევრებთან და და ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრებს, თუ რამდენად შეესაბამებოდა ეს შეხვედრები, დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დებულებებს.