თურქეთში ვიზიტის დროს გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ღაზის სექტორში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს საჯაროდ დაუპირისპირდა. ამის შესახებ Welt იუწყება.
ანკარაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა ღაზის სექტორში არსებული ვითარების კომენტირებისას განაცხადა, რომ ბერლინი „ყოველთვის მტკიცედ დადგება ისრაელის სახელმწიფოს მხარეს“.
„ისრაელმა გამოიყენა თავდაცვის უფლება და უამრავი ზედმეტი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად, მხოლოდ ერთი გადაწყვეტილების მიღება იყო საჭირო. ჰამასს მძევლები უფრო ადრე უნდა გაეთავისუფლებინა და იარაღი დაეყარა. ამ შემთხვევაში ეს ომი მაშინვე დასრულდებოდა“, - თქვა მან.
ერდოღანმა უპასუხა, რომ, სამწუხაროდ, ის ვერ დაეთანხმებოდა მერცს და დასძინა, რომ ჰამასს არ აქვს „ბირთვული იარაღი“ და ბომბები, მაგრამ ისრაელს აქვს ყველა ეს იარაღი და, ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, კვლავ დაბომბა ღაზა.
„ისინი არა მხოლოდ ღაზას ესხმიან თავს, არამედ ყოველთვის ცდილობდნენ ღაზის დამორჩილებას შიმშილითა და გენოციდით და ეს დღემდე გრძელდება“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.
ვიზიტის დროს გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ თურქეთს ევროკავშირის ახლო პარტნიორად მიიჩნევს და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება სურს.
თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თურქეთს და გერმანიას თავდაცვის ინდუსტრიაში დიდი პოტენციალი აქვთ და მათ ერთობლივ პროექტებზე უნდა გაამახვილონ ყურადღება.