პარტიების რეგისტრაციის და პარტიების გაუქმების საკითხი არ წარმოადგენს საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.
კალანდარიშვილის განცხადებით, პარტია თუ ასაკრძალია, ამას გადაწყვეტს საკონსტიტუციო სასამართლო და არა ცენტრალური საარჩევნო კომისია.
„4 ოქტომბრის არჩევნებზე 12 პოლიტიკური გაერთიანება და შესაბამის მაჟორიტარულ ოლქებში საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობდნენ, რაც, თავის მხრივ, მიუთითებს იმაზე, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი. რაც შეეხება პარტიების აკრძალვის საკითხს, საარჩევნო ადმინისტრაცია არ არის ინიციატორი ამ საკითხის, ისევე როგორც განმხილველი და შესაბამისი გადაწყვეტილების მიმღები. აქედან გამომდინარე, არარელევანტურია კითხვა ცესკო-სთან მიმართებით. არც პარტიების რეგისტრაციის და არც მათი გაუქმების საკითხი არ წარმოადგენს საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას, ამას განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლო. ამ შემთხვევაში ინიციატორი არის პარლამენტი. შესაბამისად, მის მიღმა, ვინ იქნება, ვინ არ იქნება და წინასწარ კიდევ იმის შეფასება, ვინ აიკრძალება, ვინ არ აიკრძალება, ბუნებრივია, მოვლენების გადასწრებაა. აქედან გამომდინარე, ამის შეფასება წარმოადგენს პოლიტიკურ საკითხს.
ჩვენ არჩევნებში დავარეგისტრირებთ ყველა იმ პარტიას, რომელიც დააკმაყოფილებს კანონმდებლობას და უზრუნველვყოფთ იმ გარემოს, რომელიც ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას თანაბარ პირობებში ჩააყენებს, რაც 4 ოქტომბრის, ასევე, გასული წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე სრულად იყო უზრუნველყოფილი და ასევე სრულად იქნება მომავალშიც უზრუნველყოფილი. რაც შეეხება აკრძალვის საკითხს, ეს არ წარმოადგენს საარჩევნო ადმინისტრაციის შეფასების საგანს. პარტია თუ არის ასაკრძალი, ე.ი. არის ასაკრძალი, თუ არა, ამას გადაწყვეტს საკონსტიტუციო სასამართლო და არა ცენტრალური საარჩევნო კომისია“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.