BBC ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს სათაურით: საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის შთამბეჭდავი დაცემა, რომელსაც ბრალად საკუთარ სახლში 6.5 მილიონი დოლარის შენახვა ედება.
„საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლოს წინაშე წარდგა დიდი მასშტაბის ფულის გათეთრების ბრალდებით - ეს შოკისმომგვრელი ცვლილებაა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მოკავშირისთვის, რომელიც ფართოდ არის მიჩნეული, როგორც საქართველოს დე ფაქტო ლიდერი.
პროკურორების თქმით, როდესაც ამ თვის დასაწყისში, გამომძიებლებმა მის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, აღმოაჩინეს 6.5 მილიონი დოლარი (4.9 მილიონი ფუნტი სტერლინგი) ნაღდი ფული.
43 წლის ღარიბაშვილი ორჯერ იყო პრემიერ-მინისტრი ივანიშვილის დროს - პირველად 2013-15 წლებში და შემდეგ კვლავ 2021 წლიდან გასული წლის იანვრამდე.
ახლა მან აღიარა დანაშაული კორუფციის ბრალდებებში, რაც შეიძლება 12 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდეს და მას ერთი მილიონი ლარის (368,000 ფუნტი სტერლინგი) ოდენობის გირაო შეეფარდა.
ღარიბაშვილის წინააღმდეგ წაყენებული საქმე საქართველოს მმართველი ელიტის მაღალი რანგის წევრის წინააღმდეგ პირველი სისხლისსამართლებრივი დევნაა და ის მმართველი პარტიის დასავლეთისგან ავტორიტარული გადახრის ფონზე ხდება.
კორუფციის საქმე დრამატულ დაცემას წარმოადგენს პოლიტიკოსისთვის, რომელიც ივანიშვილის კომპანიებში მუშაობდა, ვიდრე 2011 წელს პოლიტიკაში წავიდოდა.
2014 წლის თებერვალში მან ხელი მოაწერა საქართველოს ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან.
თუმცა, ბოლო წლებში მან სათავეში ჩაუდგა საქართველოს ევროკავშირიდან დაშორებას. მან მჭიდრო კავშირები დაამყარა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან და განაცხადა, რომ ნატო-ს გაფართოება უკრაინაში ომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო“, - აღნიშნულია სტატიაში.