დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი ამირან გამყრელიძე 22 ოქტომბრის ღამეს, თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე პოლიციის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას გამოეხმაურა.
"ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ღირსეული წევრია საქართველოს სამედიცინო საზოგადოების. გამორჩეული თავისი მაღალი პროფესიონალიზმით, ადამიანობით, პატიოსნებით, ჰუმანიზმით, პატრიოტიზმით და ყველა იმ თვისებით რაც ექიმებს ახასიათებთ.
აღნიშნული ვაჟამ მრავალჯერ დაუმტკიცა თავის ხალხსა და ქვეყანას. ამ ადამიანთან ასეთი ტიპის მოპყრობა რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცხყოფაა.
როდემდე უნდა გაგრძელდეს ასეთი ძალადობა თავის მოსახლეობაზე? დავიჯერო, ვინც ამას ავალებს და აკეთებს, თვითონ სჯერა, რომ ეს ხალხი ვინც თითქმის ერთი წელია რუსთაველზე დგას მართლა „ხალხის მტრები“ არიან? ცუდ სპირალში შედის ქვეყანა და კიდევ ერთხელ ვთხოვ გადაწყვეტილების მიმღებებს დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და იქ გადაწყდეს სიტუაციის განმუხტვის ნაბიჯები, გამოსავალი ყოველთვის არსებობს.
გავიმეორებ რაც მრავალჯერ დავწერე, რომ დათმობა ყოველთვის სიბრძნის ნიშანი და უფრო ძლიერის პასუხისმგებლობაა ქვეყნისა და მისი მომავლის წინაშე.
თავისუფლება ვაჟას, გამორჩეულ ექიმსა და პიროვნებას და მასთან ერთად მყოფ უკვე ათეულობით დაპატიმრებულ მოქალაქეს!" – წერს ამირან გამყრელიძე.
გუშინ, 22 ოქტომბერს პოლიციამ რუსთაველის ქუჩაზე 30-მდე ადამიანი გზის გადაკეტვის გამო დააკავა. დაკავებულთა შორის იყო ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილიც.