ალბათ კიდევ უფრო გაფართოვდება დაკავებულების სია, რადგან არსებობს ღია მტკიცებულებები ყველაფერთან დაკავშირებით, მათ შორის, ვიდეოკადრებიც, საუბარია ძალადობაში უშუალოდ ჩართულ პირებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კონკრეტულ გვარებზე, მათ შორის, ახალაიაზე ვერ ისაუბრებს, ვინაიდან ეს გამოძიების საქმეა.
“გახსოვთ, იგივე სოფო ჯაფარიძის ბრიფინგი, მის უკან იდგა პარტიის მთელი ხელმძღვანელობა, იქ დააანონსა მან ეს მშვიდობიანი დამხობა და ამ აქციის მხარდაჭერა. პირდაპირ კადრები არსებობს, მერე წაშალა “ფეისბუქიდან”, თუმცა დაავიწყდა, რომ ასე მარტივად არ იშლება დღევანდელი ციფრული სამყაროს პირობებში ინფორმაცია. ეს ხომ ფაქტია და ეს ფაქტი გამოძიებასაც ხომ აქვს. ეს ფაქტი წარედგინება საკონსტიტუციო სასამართლოსაც და ყველა შესაბამის ინსტანციას. მათი გეგმა ჩავარდა და დღეს ემიჯნებიან ამ გეგმას, ესპანეთში ისვენებს სოფო ჯაფარიძე და რომ არ გამიჯვნოდა, ციხეში იჯდებოდა, რად უნდა ციხეში წასვლა, ურჩევნია, ესპანეთში დაისვენოს, როდესაც მისი თანამებრძოლები დღეს ციხეში არიან. ნაცის ღირსებაზე მეტყველებს ეს ყველაფერი. სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც გამზადებული იყო სასახლეში შესასვლელად, დღეს ემიჯნება ამ ყველაფერს. ადამიანი მივიდა დამხობის აქციაზე და არავითარი პროტესტი არ გამოუხატავს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრასთან დაკავშირებით. როგორც კი ნახა, რომ ჩავარდა, მაშინვე გაემიჯნა. როგორც კი ნახა, რომ სპეცრაზმმა მოიგერია შტურმი, მაშინვე გაემიჯნა. გამზადებული იყო შესასვლელად, იქვე, შორიახლოს იმყოფებოდა და როდესაც ნახა, რომ სპეცრაზმმა მოიგერია შტურმი, შეჭრის მცდელობა, მერე უკვე გაემიჯნა. იგივე გააკეთა სოფო ჯაფარიძემაც და ბატონი გუბაზის ვაჟმაც,”- განაცხადა პრემიერმა.