მონტენეგრო ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი კანდიდატი ქვეყანაა და შესაძლოა, ბლოკში 2028 წლის დასაწყისში გაწევრიანდეს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მონტენეგროში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„თქვენ ხართ უდავოდ ლიდერი გაწევრიანების პროცესში. ჩემი გასული წლის ვიზიტის შემდეგ, თქვენ წევრობის შესახებ მოლაპარაკებების ოთხი თავი დახურეთ. ეს სიჩქარე შესანიშნავია. თქვენ ახლა კარგ გზაზე დგახართ, რომ მიმდინარე წელს დახუროთ, სულ მცირე, კიდევ ხუთი თავი. მე ვიცი, რომ თქვენ მტკიცედ გაქვთ განზრახული, დახუროთ ყველა თავი მოვალ წელს და როგორც თქვენ აღნიშნეთ, 2028 წელს გახდეთ 28-ე წევრი. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს ამბიციას, გახდეთ ევროკავშირის 28-ე წევრი 2028 წლისთვის. ჩვენ მოგვწონს ასეთი ამბიციები,“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2010 წელს მიიღო, სერბეთისგან გამოყოფისა და წევრობაზე მოლაპარაკებების დამოუკიდებლად წარმართვის მცდელობის შემდეგ. ამ დროის განმავლობაში ქვეყანა ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვდა მართლმსაჯულების, ანტიკორუფციული პოლიტიკისა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით, თუმცა ევროკომისია კვლავ ავლენს პრობლემებს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით.