თავად აცხადებდნენ, რომ 4 ოქტომბრის პროცესებში მონაწილეობდნენ, მათ შორის პაატა ბურჭულაძე ამ ყველაფერს არ უარყოფდა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ბაჩო ახალაიასთან და მის მეუღლესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„შესაბამისად, პირადად ჩემთვის არ არსებობს კითხვა, რომ ბაჩო ახალია და მისით ამაყი მეუღლე ამ პროცესში მონაწილეობდნენ. ყველა ვხედავთ, რომ ისინი ამ პროცესით ამაყობდნენ, თუმცა როგორც თავადვე აცხადებდნენ, ბუად გამოცხადებული ახალაიას საჯარო გამოჩენა არ იქნებოდა მომგებიანი. შესაბამისად, ისინი ამ პროცესებში კულუარებიდან მაქსიმალურად იყვნენ ჩართული. მის სამზარეულოში იხარშებოდა ის ბინძური გეგმები, რომელიც 4 ოქტომბერს უნდა განხორციელებულიყო. ვინაიდან, წარუმატებლად დასრულდა, ახლა ყველას ვითომ სინანულის გრძნობა აქვს, რომ საჯაროდ არ ჩნდებოდა. რა წამს მათი გეგმა ასრულდებოდა, რა თქმა უნდა, ის პირველი გამოვიდოდა და ალბათ, იტყოდა, მის სამზარეულოში როგორი პროცესები იგეგმებოდა. თავად ის ფაქტი, რომ არ უარყოფს, რომ სამზარეულოდან, ასე ვთქვათ, კულუარებიდან გულშემატკივრობდა და მონაწილეობდა ამ პროცესში, გვიჩენს მოსაზრებას, რომ მისი როლი აქტიური იყო და განსაკუთრებულად ძალადობრივი. ვინმეს ბაჩო ახალაია თუ ახსოვს, ალბათ, იმ სისხლიანი უმძიმესი დანაშაულებით, რომელიც მას აქვს და, შესაძლოა, ყველა ვერ დაუმტკიცდა“, – პირველი არხის ცნობით, განაცხადა ნინო წილოსანმა.