თბილისის სააპელაციო სასამართლოში, პოლიციელზე თავდასხმაში მსჯავრდებულის, საბა ჯიქიას პროცესი გაიმართა.ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოსგან საბა ჯიქიასთვის სასჯელის დამძიმება, ხოლო ადვოკატმა, გუჯა ავსაჯანიშვილმა, სასჯელის გაუქმება მოითხოვა.
საინტერესო რამ ვნახე, დარბაზში გვყავდა 2 მამაკაცი, რომლებზეც იქ მყოფმა პირებმა განმიმარტეს, რომ ეცნობოდათ და იყვნენ სუს-ის თანამშრომლები. ამ ადამიანებს, როდესაც მოსამართლემ შეხედა და იკითხა, არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამთ. საჯაროა პროცესი და მოვიდნენ და ნახონ, ამ საქმეში როგორი დარღვევებია და ბრალდების მხარეს ერთი მტკიცებულებაც რომ არ აქვს გამოკვლეული. ეს პირები, რომლებიც პროცესზე იმყოფებოდნენ, არ ვიცი ვის მაკონტროლებლად არიან, მაგრამ საბოლოო ჯამში, თავად ეს ადამიანებიც ნახავენ, როგორი სუსტია ბრალდების მხარის პოზიციები.
ბრალდების მხარემ მოითხოვა სასჯელის დამძიმება, თავის მხრივ, დაცვის მხარემ სრული გამამართლებელი განაჩენის დადგომა.
ჩემი მოლოდინია, რომ საბა ჯიქიას საქმეზე სტრასბურგის სასამართლო, დარღვევას აუცილებლად დაადგენს“, - "ტვ პირველის" ცნობით, განაცხადა გუჯა ავსაჯანიშვილმა.
საბა ჯიქია პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მას 30 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე პოლიციელისთვის ფეხის ჩარტყმას ედავებოდა.
ცნობისთვის, საბა ჯიქიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
აღნიშნული ბრალი 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საბა ჯიქია წარდგენილ ბრალს პროცესის არცერთ ეტაპზე არ აღიარებდა.