შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის კუდ-ის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რუსლან შამახია გათავისუფლდა, რადგან მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული საბრძოლო მასალა მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღისთვის იყო განკუთვნილი.
როგორც, დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა, შამახიასთან ერთად დაკავებულ მეორე პირის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ამოიღეს მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო ბათუმში მდებარე მის საცხოვრებელი ბინიდან - დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, მჭიდები, აირწინაღები, ჩაფხუტები, რადიო გადამცემი მოწყობილობა და დაახლოებით 150 SIM ბარათი.
„ქალაქ თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დააკავეს 1979 წელს დაბადებული რ.შ და 1978 წელს დაბადებული ს.ფ., რ.შ-ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული იყო საბრძოლო მასალა. გამოძიებით დადგინდა, რომ ამოღებული საბრძოლო მასალა განკუთვნილი იყო მის სახელზევე ტარების უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღისთვის. შესაბამისად, დაკავებული პირი გათავისუფლდა. რაც შეეხება მასთან ერთად მყოფ მეორე დაკავებულ ს.ფ-ს, სამართალდამცველების მიერ ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო ქალაქ ბათუმში მდებარე საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, მჭიდები, აირწინაღები, ჩაფხუტები, რადიოგადამცემი მოწყობილობა და 150-მდე სიმბარათი. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას. დანაშაული ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.