ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე ე.წ. საბოტაჟის მცდელობის საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს.
„მივდივარ გამოკითხვაზე სასამართლოში, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, ხალხში „ფონდების“ ან „პირბადეების“ სახელით ცნობილი. ჩემი მონაწილეობა ამ კეთილ საქმეში რამდენიმე ათასი ლარის ჩარიცხვით შემოიფარგლება. ერთადერთი, რაზეც ვწუხვარ, ევროპული მომავლისთვის ნაცემ, ნაწამებ და დაპატიმრებულ ახალგაზრდებს რომ მეტი ვერაფრით დავეხმარე. აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - წერს ქადაგიძე „ფეისბუქზე“.
თბილისის საქალაქო სასამართლომ შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის: - “სამართლიანი არჩევნების“, “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის", “დემოკრატიის მცველების", “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის", “საფარის", “სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ საბანკო ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილება მიიღო.
საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას.