პრაქტიკულად ჩავარდა „ნაცმოძრაობის“ „ლელოთი“ და გახარიათი ჩანაცვლების გეგმა, რომელიც მოამზადა „დიფ სთეითმა“. პრაქტიკულად, უკვე ჩამოსაწერი გახდა ეს ორი პოლიტიკური პარტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, მადლობას უხდის ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის და ცესკო-ს არჩევნების მაღალ დონეზე ადმინისტრირებისათვის.
„შეგახსენებთ, შარშან, წინა არჩევნებში „ლელომ“ მიიღო 180 000-ზე მეტი ხმა და ახლა მიიღო ამის ნახევარი იმ პირობებში, როდესაც, პრაქტიკულად, არ იყო კონკურენცია მათთვის ოპოზიციურ ფლანგზე. რაც შეეხება გახარიას პარტიას, წინა არჩევნებზე ჰქონდა 160 000-ზე მეტი ხმა, ახლა მიიღო დაახლოებით 50 000 ხმა. ანუ ჩავარდა ჩანაცვლების პროექტი. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ბოლომდე გავანეიტრალოთ ის ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალა, რასაც ჰქვია „კოლექტიური ნაცმოძრაობა“. ამ მიმართულებით გადადგმული მორიგი ნაბიჯი იყო გუშინდელი არჩევნები და ამ ყველაფერზე ზრუნვას მომავალშიც გავაგრძელებთ. კიდევ ერთხელ, მინდა, მადლობა გადავუხადოთ ქართველ ხალხს, თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც გამოხატა საკუთარი პოზიცია გუშინ საარჩევნო უბნებზე. მადლობა ასევე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების ძალიან მაღალ დონეზე ადმინისტრირებისათვის“, – განაცხადა პრემიერმა.