თეთრი სახლის პრესმდივნის ქეროლაინ ლევიტის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეშფოთებულია, რომ ისრაელმა „ცალმხრივად“ გადაწყვიტა კატარის დედაქალაქში ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე დარტყმის განხორციელება.
ლევიტმა განაცხადა, რომ ისრაელის ცალმხრივი გადაწყვეტილება, კატარის დაბომბვის შესახებ, რომელიც აშშ-სთან ერთად ბევრს მუშაობს და რისკავს მშვიდობის დასამყარებლად, არ უწყობს ხელს არც ისრაელის, არც აშშ-ის მიზნების მიღწევას.
თუმცა, ამავდროულად, ლევიტმა აღნიშნა, რომ ჰამასის განადგურება, რომელმაც ღაზაში მაცხოვრებლების უბედურებისგან სარგებელი მიიღო, , ღირსეული მიზანია.
„პრეზიდენტმა ტრამპმა დაუყოვნებლივ დაავალა სპეცწარმომადგენელ უიტკოფს, რომ კატარელების ინფორმირება მოეხდინა მოახლოებული დარტყმის შესახებ, რაც მან გააკეთა“, - განაცხადა ლევიტმა.
სამშაბათს, თავდასხმის შემდეგ, ტრამპი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ესაუბრა.
დონალდ ტრამპი ასევე ესაუბრა კატარის ემირსა და პრემიერ-მინისტრს და დაარწმუნა, რომ მსგავსი ინციდენტი მათ ტერიტორიაზე აღარ განმეორდება.
„ცხადია, პრეზიდენტი არ ეთანხმება დარტყმის ადგილმდებარეობას და ეს პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს გადასცა,“ - განაცხადა ლევიტმა.
ისრაელმა კატარში „ჰამასის“ ხელმძღვანელობაზე მიიტანა იერიში. სამიზნე დოჰაში მდებარე „ჰამასის“ ხელმძღვანელობის შტაბ-ბინა იყო. „ჰამასის“ განცხადებით, თავდასხმის დროს სულ ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, „ჰამასის“ ხუთი წევრი.