აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დალაპარაკებას უახლოეს ხანებში გეგმავს.
ამის შესახებ ტრამპმა ხუთშაბათს საღამოს თეთრ სახლში მსოფლიოს უდიდესი IT კომპანიების ხელმძღვანელებთან ექსკლუზიური ვახშმის დროს განაცხადა.
ტრამპს ჰკითხეს: „უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან დღევანდელი სატელეფონო საუბრის შემდეგ, გეგმავთ თუ არა უახლოეს მომავალში რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან საუბარს?“
„დიახ. ჩვენ ძალიან კარგი დიალოგი ვაწარმოებთ. შვიდი ომი მოვაგვარე. რომელიც, მეგონა, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი იქნებოდა... ის, რომელიც, მეგონა, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი იქნებოდა... იცით ის გრძნობა, როცა ფიქრობთ, რომ რაღაც უფრო ადვილი იქნება, გამოდის, რომ საქმე ცოტა უფრო რთულადაა. მაგრამ ის, რომელიც მეგონა, უფრო ადვილი უნდა ყოფილიყო, პრეზიდენტ პუტინთან, უკრაინასთან და ყველაფერ დანარჩენთან ჩემი ურთიერთობის გამო... ვფიქრობდი, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის კატასტროფა მოხდებოდა, სადაც ამ კვირის განმავლობაში 7014 ადამიანი დაიღუპა. უმეტეს შემთხვევაში, ესენი არიან ჯარისკაცები, კიევიდან რამდენიმე [მოქალაქე], შედარებით ცოტა, მაგრამ ძირითადად ჯარისკაცები. და ისინი ისეთი მასშტაბით იღუპებიან, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს.
მაგრამ ეს ყველაზე რთული აღმოჩნდა. იცით, მე სამი ომი მოვაგვარე. ერთ-ერთი მათგანი 31 წელს გრძელდებოდა. ბევრი ადამიანი დაიღუპა, 10 მილიონი. კიდევ ერთი 34 წელს გაგრძელდა, ხოლო მეორე - 37 წელს. [ეს ომები] გრძელდებოდა და ხალხი ამბობდა, რომ მათი მოგვარება შეუძლებელი იყო, მაგრამ მე მოვაგვარე. ეს ამოცანა [რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ] უფრო რთული აღმოჩნდა, მაგრამ ჩვენ მას მოვაგვარებთ. ყველაფერს მოვაგვარებთ“, - განაცხადა ტრამპმა.