აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან ერთად, ამერიკის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობს. ამის შესახებ ის Truth Social-ში წერს.
„გთხოვთ, გადასცეთ ჩემი ყველაზე თბილი მოკითხვა ვლადიმირ პუტინსა და კიმ ჩენ ინს, როცა თქვენ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობთ.“
აშშ-ის პრეზიდენტი გამოეხმაურა პეკინში მომდინარე მასშტაბურ სამხედრო აღლუმს, რომელსაც 20-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი ესწრება. მათ შორის არიან რუსეთის პრეზიდენტი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, ირანის პრეზიდენტი და სხვები.
„მთავარი კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემაა საჭირო, არის ის, გაიხსენებს თუ არა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი უზარმაზარ მხარდაჭერას და „სისხლს“, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინეთისთვის გაიღო, რათა მას ძალიან არამეგობრული უცხოელი დამპყრობლისგან გათავისუფლებაში დახმარებოდა. ჩინეთის გამარჯვებისა და დიდებისკენ სწრაფვაში ბევრი ამერიკელი დაიღუპა. ვიმედოვნებ, რომ მათ სამართლიანად მიაგებენ პატივს და გაიხსენებენ მათი სიმამაცისა და თავგანწირვისთვის. პრეზიდენტ სი-ს და ჩინეთის შესანიშნავ ხალხს დიდებული და ხანგრძლივი ზეიმის დღის აღნიშვნას ვუსურვებ. გთხოვთ, გადაეცით ჩემი ყველაზე თბილი მოკითხვა ვლადიმირ პუტინსა და კიმ ჩენ ინს, ვიდრე თქვენ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობთ“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.