საქართველოში აშშ-ის საელჩო აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ალან პერსელისა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„ოთხშაბათს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი პერსელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ქვრივიშვილს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების შესახებ სასაუბროდ და ამერიკული კომპანიებისთვის საქართველოში საინვესტიციო კლიმატის განსახილველად შეხვდა“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.
ცოტა ხნით ადრე, ალან პერსელისა და მარიამ ქვრივიშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომაც.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის, ორმხრივი ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტრანსპორტის კუთხით. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ორივე მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო პროექტების საკვანძო მოთამაშის ფუნქციას, ასევე შუა დერეფნის, როგორც ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სტაბილური, უსაფრთხო და ეფექტური სატრანზიტო მარშრუტის განვითარების მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.