გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰიონდუ კიმს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობის და გარემოსდაცვითი მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
„მინისტრმა ისაუბრა ქვეყნებს შორის მიმდინარე წარმატებული პროექტების შესახებ და ყურადღება დაცული ტერიტორიების მიმართულებით ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
დავით სონღულაშვილის განცხადებით, კორეის ცოდნის და გამოცდილების გაზიარება, ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანა-დანერგვა, განსაკუთრებით დაცული ტერიტორიების, კლიმატის ცვლილების შერბილების, წყლის რესურსებისა და კრიზისების ეფექტიანი მართვის მიმართულებით, უაღრესად მნიშვნელოვანია.
შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, საექსპორტო პოტენციალის მქონე სასურსათო პროდუქტებზე ისაუბრეს. როგორც დავით სონღულაშვილმა განაცხადა, ქართული ღვინო, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურები საექსპორტო რესურსის მქონე მნიშვნელოვან პროდუქტებს წარმოადგენს. მინისტრმა ასევე ისაუბრა ქვეყანაში აკვაკულტურის განვითარების პერსპექტიულობის საკითხზე.
კორეის ელჩის განცხადებით, სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობა აქტიური და წარმატებულია, შესაბამისად, მისი ქვეყანა მზადაა როგორც გამოცდილების გაზიარების, ასევე ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.