თურქეთის პრეზიდენტის მეუღლემ, ემინე ერდოღანმა, აშშ-ის პირველ ლედის, მელანია ტრამპს წერილი გაუგზავნა, რომელშიც სთხოვს, უკრაინის ომის მიმართ გამოვლენილი თანაგრძნობა ღაზაში არსებულ ჰუმანიტარული ვითარების მიმართაც გამოიჩინოს.
წერილში ემინე ერდოღანი აღნიშნავს, რომ ის შთააგონა აშშ-ის პირველი ლედის წერილმა, რომელიც მან რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გაუგზავნა და რომელიც ბავშვების მდგომარეობას ეხებოდა.
მჯერა, რომ ის მნიშვნელოვანი თანაგრძნობა, რომელიც 648 უკრაინელი ბავშვის მიმართ გამოიჩინეთ, ღაზაზეც გავრცელდება
უკრაინაში ობლების მიმართ თქვენი თანაგრძნობა არის ინიციატივა, რომელიც იმედს უნერგავს ადამიანების გულებს... როგორც თქვენს წერილში აღნიშნეთ, ყველა ბავშვს აქვს უნივერსალური და უდავო უფლება, გაიზარდოს მოსიყვარულე და უსაფრთხო გარემოში.
ეს უფლება არ არის გამონაკლისი არცერთი რეგიონისთვის, ეთნიკური წარმომავლობისთვის, რელიგიისთვის ან იდეოლოგიისთვის“, - აღნიშნა ერდოღანმა ტრამპისადმი გაგზავნილ წერილში.
მან აღნიშნა, რომ ღაზის სექტორში 18 000-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა, ბევრი მათგანის სახელი უცნობია, ხოლო გადარჩენილებს სრულიად „დაავიწყდათ ღიმილი“, „ამ პატარა ობლებს თმა გაუჭაღარავდათ ენით აუწერელი ტკივილისა და შიშისგან, რომელიც გადაიტანეს“.
ამიტომ, ემინე ერდოღანმა მოუწოდა მელანია ტრამპს, გაუგზავნოს წერილი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დამოუწოდოს მას ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის დასრულებისკენ.
„ამ დღეებში, როდესაც მსოფლიო კოლექტიურ გამოფხიზლებას განიცდის და პალესტინის აღიარება გახდა გლობალური ნება, მჯერა, რომ თქვენი მოწოდება ღაზასთან დაკავშირებით აღასრულებს ისტორიულ პასუხისმგებლობას პალესტინელი ხალხის მიმართ“, - აღნიშნავს ემინე ერდოღანი.