გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ „ტვ პირველთან“ "New York Times-თვის მიცემულ ინტერვიუზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მსგავსი არაფერი უთქვამს.
გორის საკრებულოს თავმჯდომარემ მედიის წარმომადგენელს "მიგზავნილი" უწოდა და სასამართლოში ჩივილით დაემუქრა.
„ეს არის ცილისწამება და სიცრუე თავიდან ბოლომდე, იმიტომ, რომ ჩემს ცხოვრებაში მე რუსეთზე დადებითი არ მითქვამს. რაც არის ნახსენები - "სააკაშვილის ხულიგნები" ამის მსგავსი არაფერი არ მიხსენებია. მე ვახსენე, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ მიატოვა ქალაქი და იმ ნაძირალა კაცმა, რომელმაც ჩემგან ინტერვიუ აიღო, ფაქტიურად აღმოჩნდა სააკაშვილისა და მაგ ნაძირლების ადვოკატი. თუ ჩემი თანაგუნდელები დამიდგებიან გვერდში, ვუჩივლებ რა თქმა უნდა.
ევროკავშირში ინტეგრაციაზეც ვსაუბრობს კი იქ. იქ წერია სისულელე, მე ვარ "ოცნების" წევრი და "ოცნება" როდესმე აფიქსირებს, რომ ჩვენ ევროინტეგრაციის წინააღმდეგი ვართო? იმ ნაძირალა კაცს, არ ვიცი საერთოდ, ის წარმოადგენდა New York Times? მაგაშიც უკვე ეჭვი მეპარება. ეს იყო მოგზავნილი.
სააკაშვილს ომის დაწყებაში როგორ დავადანაშაულებ? ომი რუსებმა დაიწყეს. ხელშეწყობაში ვადანაშაულებ. "ოცნება" ადანაშაულებს? არავინ ადანაშაულებს, ეგ ყველაფერი არის თითიდან გამოწოვილი. სააკაშვილმა ხელი შეუწყო ქართული ტერიტორიის ანექსიას", - აცხადებს რაზმაძე.
შეგახსენებთ, რაზმაძემ New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა: "ისინი [რუსები] აქ მშვიდობისმყოფელებად მოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ ასე მოიქცნენ, რადგან მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ. მათ მღვდლის მანქანაც კი მოიპარეს, წარმოგიდგენიათ? რუსები რომ არ მოსულიყვნენ, ვინ იცის, კიდევ რამხელა ზიანს გამოიწვევდნენ“