იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის ალასკაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, სამშვიდობო შეთანხმების დადების შესაძლებლობა გაჩნდა.
„ვფიქრობ, პოზიტიურია, რომ უკრაინაში მშვიდობის სხივები ჩანს. შეთანხმების მიღწევა ისეთივე რთულია, როგორც არასდროს, მაგრამ საბოლოოდ შესაძლებელია, განსაკუთრებით ფრონტის ხაზზე თვეების განმავლობაში არსებული ჩიხის შემდეგ“, - განაცხადა მელონიმ.
ამავდროულად, იტალიის მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხოლოდ უკრაინას შეეძლება მოლაპარაკებების წარმოება საკუთარი პირობებით და საკუთარ ტერიტორიაზე.
ამასთან, მისი თქმით, მთავარ საკითხად რჩება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხი, რათა თავიდან იქნას აცილებული რუსეთის ახალი შეჭრა.
„და სწორედ ამ ასპექტში დაფიქსირდა ყველაზე საინტერესო ამბები ანკორიჯში“, - დასძინა მელონიმ.
იტალიის პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ მხოლოდ ურყევ და საიმედო გარანტიებს შეუძლია ახალი ომებისა და აგრესიის თავიდან აცილება,
მელონიმ დასძინა, რომ ტრამპმა დღეს მხარი დაუჭირა იტალიის იდეას ნატო-ს მეხუთე მუხლზე დაფუძნებული უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.
„წინადადების საწყისი წერტილია კოლექტიური უსაფრთხოების დებულების განსაზღვრა, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს, დაეყრდნოს ყველა პარტნიორის მხარდაჭერას, მათ შორის შეერთებული შტატების, რომელიც მზად არის მიიღოს ზომები ახალი თავდასხმის შემთხვევაში. მოლაპარაკებების ამ ეტაპზე ევროპული სახელმწიფოები ერთიანნი რჩებიან უკრაინის მხარდაჭერაში“, - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინას უსაფრთხოების გარანტიის სახით ნატო-ს მეხუთე მუხლის ანალოგი შესთავაზა.