უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის ქვეყნების წარმომადგენლების დიდ ბრიტანეთში გამართული შეხვედრის დეტალებზე ვიდეომიმართვისას ისაუბრა.
„მოლაპარაკებები მიმდინარეობდა აშშ-სა და ევროპის უსაფრთხოების წარმომადგენლებს შორის: უკრაინა, აშშ, ვიცე-პრეზიდენტი ვენსი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ფინეთი, პოლონეთი.
შეხვედრა კონსტრუქციული იყო, ჩვენი ყველა სიგნალი გადავეცით, ჩვენი არგუმენტები მოისმინეს, საფრთხეები გათვალისწინებულია. უკრაინისთვის მშვიდობის გზა მხოლოდ უკრაინასთან ერთად უნდა განისაზღვროს და ეს პრინციპულია.
მნიშვნელოვანია, რომ საერთო მიდგომებმა, საერთო ხედვამ რეალური მშვიდობისთვის იმუშაოს. ცეცხლის შეწყვეტის, ოკუპაციის დასრულების, ომის დასრულების კონსოლიდირებული პოზიცია,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ თავის მიმართვაში ასევე განაცხადა, რომ ომის დასრულების მცდელობებთან დაკავშირებით ამერიკულ მხარესთან კონტაქტები თითქმის 24 საათის განმავლობაში სხვადასხვა დონეზე გრძელდება და ყველაფერი არ საჯაროვდება.
მოგვიანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრიი იერმაკმა განაცხადა, რომ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან რუსტემ უმეროვთან ერთად მან მონაწილეობა მიიღო ევროპელი უსაფრთხოების მრჩევლებთან, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრებში.
„ჩვენ მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა ევროპის უსაფრთხოების მრჩევლებთან, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან. მადლობელი ვარ თითოეული მათგანის მათი უაღრესად კონსტრუქციული მიდგომისთვის. ჩვენი პარტნიორები არა მხოლოდ სიტყვიერად გვიჭერენ მხარს, დახმარება გაგრძელდება სამხედრო, ფინანსური და სანქციების სფეროებში, ვიდრე აგრესია არ შეწყდება. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჯეი დი ვენსს ჩვენს ერთობლივ დისკუსიებში მონაწილეობისთვის, ყველა თვალსაზრისის პატივისცემისთვის და საიმედო მშვიდობისკენ მისი ძალისხმევისთვის“, – წერს ანდრიი ერმაკი.
მისი თქმით, შეხვედრისას უკრაინის პოზიცია ნათელი იყო.
„საიმედო, მდგრადი მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან იმყოფება, ჩვენი სუვერენიტეტის სრული პატივისცემით და ოკუპაციის აღიარების გარეშე. ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელია, მაგრამ ფრონტის ხაზი საზღვარი არ არის“, – წერს ერმაკი.