რუსეთი ითხოვს გარანტიებს, რომ ომის შემდეგ რუსული ენა უკრაინაში ოფიციალური ენა გახდეს და რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უკრაინის ტერიტორიაზე თავისუფლად ფუნქციონირებას შეძლოს. ამის შესახებ The New York Times (NYT) ორ ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროები, იხსენებენ სატელეფონო საუბრის შინაარსს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან გამართა ალასკაში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ.
ამგვარად, ტრამპის სიტყვების თანახმად, რომლებსაც თავის მხრივ NYT-ის თანამოსაუბრეები იმეორებენ, პუტინი მოითხოვს, რომ მთელი დონბასი რუსეთს გადაეცეს.
სანაცვლოდ, პუტინი დათანხმდება უკრაინის დარჩენილ ტერიტორიებზე საომარი მოქმედებების დასრულებას, რითაც გაყინავს ამჟამინდელ ფრონტის ხაზს.
პუტინი ასევე წერილობით პირობას იძლევა, რომ აღარ დაესხმება თავს უკრაინას ან სხვა რომელიმე ევროპულ ქვეყანას.
პუტინი ასევე სავარაუდოდ დათანხმდება, რომ უკრაინამ ომის შემდეგ უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები უნდა მიიღოს, მაგრამ ეს ნატო-ს ფარგლებს გარეთ უნდა მოხდეს.
NYT-ის წყაროების ცნობით, პუტინმა ასევე მოითხოვა გარანტიები, რომ რუსულ ენას უკრაინაში ოფიციალური სტატუსი მიენიჭებოს და რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უსაფრთხოდ შეძლოს ფუნქციონირება.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიუხედავად ტრამპის იმედისა, რომ აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს შორის სამმხრივი შეხვედრა ჩატარდება, პუტინი კვლავ უარს ამბობს, რადგან ვოლოდიმირ ზელენსკის ხელოვნურად შექმნილი ქვეყნის არალეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს.