აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპელი ლიდერები ორშაბათს, თეთრ სახლში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე მიიწვია. ამის შესახებ The New York Times წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ტრამპს სურს განიხილოს „სამშვიდობო გეგმა“, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ დათმობებს მოიცავს.
ანონიმური ოფიციალური პირების თქმით, ტრამპი გეგმას ზელენსკისთან ორშაბათს თეთრ სახლში განიხილავს და ევროპელი ლიდერები მიწვეულნი არიან დასასწრებად.
ოფიციალურმა პირებმა ხაზი გაუსვეს, რომ უკრაინა თავად მიიღებს გადაწყვეტილებას თავისი ტერიტორიების შესახებ და დასძინეს, რომ საერთაშორისო საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს.
ოფიციალურმა პირებმა ასევე დასძინეს, რომ ევროპელ ლიდერებთან საუბრისას ტრამპმა არ ახსენა რუსეთზე რაიმე დამატებითი სანქციები ან ეკონომიკური ზეწოლა.
თუმცა, ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ევროპელმა ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ ისინი გააგრძელებენ სანქციებსა და ეკონომიკურ ზეწოლას რუსეთზე მანამდე, ვიდრე მკვლელობები არ შეწყდება.