სენატის უმრავლესობის ლიდერი ჯონ ტუნი იმედოვნებს, რომ რუსეთისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტი აგვისტომდე იქნება მიღებული.
ტუნმა განაცხადა, რომ აგვისტოში კონგრესის დასვენებამდე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტის განხილვის შანსს ხედავს.
„ვიმედოვნებთ, რომ მას განხილვისთვის აგვისტოს არდადეგებამდე გავიტანთ. ჩვენ ადმინისტრაციასთან და წარმომადგენელთა პალატასთან ვთანამშრომლობთ, რათა შევეცადოთ, რომ ის პარლამენტში განსახილველად გავიტანოთ, როდესაც მზად იქნება“, - განუცხადა ჯონ ტუნმა ჟურნალისტებს.
„სენატში ორპარტიული მხარდაჭერა დიდია. ვფიქრობ, ამას წარმომადგენელთა პალატაშიც იზიარებენ, ყოველ შემთხვევაში, იმედი მაქვს. თეთრი სახლი ძალიან აქტიურად არის ჩართული... მოხდება თუ არა ეს მომდევნო რამდენიმე კვირაში, ღიად რჩება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს შესაძლებელია“, - დასძინა ტუნმა.
შეგახსენებთ, რომ საუბარია რესპუბლიკელი სენატორის ლინდსი გრემის და დემოკრატ რიჩარდ ბლუმენტალის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე. ის ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას და რუსული ენერგორესურსების, ურანის და სხვა პროდუქტების მყიდველების წინააღმდეგ მეორად სანქციებს. კერძოდ, ეს ეხება შეერთებულ შტატებში იმპორტირებულ საქონელზე 500%-იანი ტარიფების დაწესებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც სანქცირებული რუსულ საქონელს ყიდულობენ.