უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, რუსეთი აფართოებს თავის სამხედრო წარმომადგენლობას სომხეთში და აჩქარებს სომხეთის ტერიტორიაზე, გიუმრიში მდებარე სამხედრო ბაზის დაკომპლექტებას. ეს აზერბაიჯანთან დაძაბულობის ფონზე ხდება.
უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთის მიზანი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე სამხედრო და პოლიტიკური ზეწოლის გაზრდაა.
ბაზის პირადი შემადგენლობის დაკომპლექტება ხდება რუსეთის ფედერაციის როსტოვისა და ვოლგოგრადის ოლქებიდან, ასევე დროებით ოკუპირებული ყირიმიდან ჩასული სამხედრო მოსამსახურეებით.
გარდა ამისა, მოსკოვი აქტიურად ეძებს მოხალისეებს კავკასიის ხალხების წარმომადგენლებს შორის, კერძოდ, ჩრდილოეთ ოსეთსა და ადიღეიში.
„რუსული ჯარების სომხეთში განლაგება კრემლის ყოვლისმომცველი სტრატეგიის ელემენტია, რომელიც მიზნად ისახავს გლობალური უსაფრთხოების სისტემის დესტაბილიზაციას. ეთნიკური კონფლიქტის გაღვივებასთან ერთად, მოსკოვი კავკასიაში სამხედრო წარმომადგენლობას აძლიერებს. სავარაუდოდ, აზერბაიჯანსა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობების გაუარესება წინასწარ იყო მომზადებული“, - განაცხადა უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამსახურის ხელმზღვანელმა ანდრეი იუსოვმა.