რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ღამით 539 დრონი და 11 სხვადსხვა ტიპის რაკეტა გაუშვა.
როგორც უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით იუწყება, 478 სამიზნე განეიტრალდა, თუმცა, დარტყმები 8 ლოკაციაზე განხორციელდა, ნამსხვრევები კი 33 ადგილას ჩამოვარდა.
მათივე ინფორმაციით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით „შაჰედისა“ და სხვა ტიპის 539 დრონი; ერთი აერობალისტიკური რაკეტა Х-47 М2 „კინჟალი“; ექვსი ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერ“ М/KN-23 და ოთხი ფრთოსანი რაკეტა „ისკანდერ-K“ გაუშვეს.
თავდასხმის მთავარი სამიზნე კიევი იყო. კიევზე განხორციელებული მასირებული იერიშის შედეგად, სულ მცირე, 23 ადამიანი დაშავდა, ასევე დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.
საჰაერო ძალებმა „ისკანდერ-K“ ტიპის ორი ფრთოსანი რაკეტისა და 268 დრონის ჩამოგდება მოახერხეს. 208 დრონი კი ლოკალურად დაიკარგა.