ოკუპირებულ დონეცკში გასულ ღამეს აფეთქებები იყო. ამის შესახებ, იუწყებიან ადგილობრივი Telegram არხები, თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ წარმომადგენლები და რუსული მედია. მათი ცნობით, დაიბომბა ქალაქის ცენტრში მდებარე ვოროშილოვის რაიონი.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა ცნობებით, დონეცკზე საჰაერო რაკეტებით შეტევა განხორციელდა.
თვითგამოცხადებული „ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის“ წარმომადგენლებმა კი ლუჰანსკზე უკრაინული დრონების თავდასხმის შესახებ განაცხადეს. მათი თქმით, ქალაქის თავზე სულ მცირე 20 დრონი დაფიქსირდა.
ამასთან, უკრაინის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელის ანდრიი კოვალენკოს განცხადებით, დრონების დარტყმის შემდეგ რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა.
ასევე, ადგილობრივი Telegram-არხები ვიდეოებს აქვეყნებენ, რომელებშიც ისმის დრონების ხმა და ჩანსმასშტაბური ხანძარი.
რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტულმა სააგენტო „ტასმა“, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის საოკუპაციო ხელისუფლებაზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ ლუჰანსკის თავზე 20-ზე მეტი დრონი დაფრინავდა.
კოვალენკოს თქმით, დროებით ოკუპირებულ ლუჰანსკში „რუსული ლოჯისტიკა იწვის“.
უკრაინის სამხედრო სარდლობას აფეთქებებთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.