სომხეთმა და ევროკავშირმა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში კონსულტაციები დაიწყეს.
როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ერევანში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში კონსულტაციების დაწყება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი თანამშრომლობის ჩარჩოს თანამედროვე გამოწვევებთან შესაბამისობისთვის და მათ დასაძლევად დამატებითი ძალისხმევის გაწევის კუთხით. ამ კონტექსტში, განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა თანამშრომლობას, რომელიც მიზნად ისახავს სომხეთის მდგრადობის გაძლიერებას, დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომ განვითარებას, რაც ასევე მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა ჰიბრიდული საფრთხეებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა“, - განაცხადა სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მირზოიანმა დასძინა, რომ ზემოაღნიშნულის კონტექსტში, მათ ასევე აღნიშნეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა სომხეთში და განიხილეს სომხეთისთვის დახმარების გაწევის საკითხი ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში.