რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა განაცხადა, რომ შეცდომა დაუშვა, როდესაც თქვა, რომ მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს 4 ივლისს დაიწყებდა.
რუმინეთის პრეზიდენტმა გუშინ ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 4 ივლისს გაიმართება ევროკავშირი-მოლდოვის პირველი სამიტი და ოფიციალურად გაიხსნება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი თავი.
„ეს შეცდომა იყო“, – აღნიშნა ნიკუშორ დანმა მოგვიანებით, როდესაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მას აღნინულ საკითხზე უფრო დეტალური საუბარი სთხოვა. მას არ აუხსნია, რით იყო ეს შეცდომა გამოწვეული.
4 ივლისს ევროპა-მოლდოვის პირველი სამიტი იმართება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებიც ამავე დღეს დაიწყება. 4 ივლისს დაგეგილია მოლდოვისა და ევროკავშირის სამიტი ქვეყნის პრეზიდენტ მაია სანდუს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტას მონაწილეობით.
აღნიშნული შეხვედრის დღის წესრიგი ჯერჯერობით უცნობია. ევროკავშირის სამიტის დეკლარაციაში არ არის დასახელებული უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების ვადები.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების პროცესთან პრობლემა არ აქვთ, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული არ არის იმაზე, მოლდოვისა და უკრაინის შემთხვევები ერთად უნდა იქნეს განხილული თუ ცალ-ცალკე. უკრაინის შემთხვევაში გადაწყვეტილებების მიღებას ართულებს უნგრეთის მუდმივი წინააღმდეგობა, მოლდოვის საკითხის ცალკე დაძვრის იდეას კი მომხრეებთან ერთად, მოწინააღმდეგეებიც ჰყავს.