პოკროვსკის მიმართულებით რუსეთს დაახლოებით 111 000 ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული, რაც ომის დაწყებიდან დღემდე, მოსკოვის მიერ ჯარისკაცების ყველაზე მასშტაბური მობილიზებაა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ პოკროვსკის მიმართულება რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის მთელ 1200 კილომეტრიან სიგრძეზე ყველაზე ცხელი წერტილია..
მთავარსარდალმა განაცხადა, რომ მტერი უარს არ ამბობს დონეცკის ოლქის ადმინისტრაციული საზღვრის გარღვევის მცდელობებზე.
სირსკის თქმით, რუსეთს ამის გაკეთება არა მხოლოდ ოპერატიული შედეგების მისაღწევად, არამედ, უპირველეს ყოვლისა, დემონსტრაციული მიზნებისთვის სურს
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა განაცხადა, რომ ის ესაუბრა უკრაინელ ჯარისკაცებს საბრძოლო შეხების ხაზთან და თავდაცვის შემდეგ ხაზებზე, ასევე შეხვედრები გამართა უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ეროვნული გვარდიის დანაყოფებში.
„მე მქონდა შესაძლებლობა დეტალურად შემესწავლა ოპერატიული სიტუაცია და გამომევლინა ყველა პრობლემური საკითხი. მე გავეცი ბრძანებები, რომლებიც აუცილებელი იყო თავდაცვის ამოცანების ეფექტური შესრულებისთვის“, - თქვა სირსკიმ.