„კოალიცია ცვლილებისთვის“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ თეოდორუს რუსოპულოსთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც კოალიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „საუბარი შეეხო პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ დაწყებული დევნის ახალ ეტაპს“.
„ასევე, ისაუბრეს პროდასავლური კლასის წინააღმდეგობის სტრატეგიაზე, „სინდისის პატიმრების“ საქმეებზე, ივანიშვილის რეჟიმის არაღიარების პოლიტიკასა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის როლზე. ასევე, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიასაშუალებების წინააღმდეგ დევნაზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს ევროსაბჭოს მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებას რუსეთის მიერ ჩადენილი აგრესიის დანაშაულების გამოძიების ტრიბუნალის შექმნასთან დაკავშირებით, რაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის ივანიშვილის რეჟიმის რუსულობის კიდევ ერთი არგუმენტია“, - ნათქვამია კოალიციის ინფორმაციაში.