აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან 25 ივნისს ჰააგაში ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართულმა შეხვედრამ კარგად ჩაიარა.
ტრამპმა ამის შესახებ ნატო-ს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე ზელენსკისთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არ უსაუბრია, „უბრალოდ სურდა გაეგო, როგორ იყო ის“.
„უბრალოდ მინდოდა მეკითხა როგორ არის ის. რთული პერიოდი გვქონდა, მაგრამ ის ძალიან თბილი იყო.. გამიხარდა მისი ნახვა. ეს შესანიშნავი შეხვედრა იყო. ვფიქრობ, ეს ომის შესაჩერებლად შესანიშნავი დროა. შესაძლოა, ომის შესაჩერებლად პრეზიდენტ პუტინს დაველაპარაკო“, - თქვა მან.
მან აღნიშნა, რომ ზელენსკი რთულ ბრძოლას აწარმოებს, მაგრამ ის წარმატებით ახერხებს ამას.
„მე კარგი შეხვედრა მქონდა ზელენსკისთან და ბევრი კარგი შეხვედრა ბევრ კარგ ადამიანთან, ბევრ შესანიშნავ ლიდერთან. ის მამაცურ ბრძოლას აწარმოებს. ეს რთული ბრძოლაა“, - თქვა ტრამპმა.
„უკრაინის ომი სხვა ომებზე უფრო რთულია. პუტინი ძალიან რთულია და მეც მქონდა გარკვეული პრობლემები ზელენსკისთან“, - თქვა ტრამპმა.
მისი თქმით, ევროპა უფრო ძლიერი ხდება, რათა მეტი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ უსაფრთხოებაზე.
„ეს ხელს შეუწყობს მომავალში ისეთი კატასტროფების თავიდან აცილებას, როგორიცაა რუსეთთან და უკრაინასთან არსებული საშინელი სიტუაცია და იმედია, ამ პრობლემას მოვაგვარებთ“, - აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ გასულ კვირას 7000-ზე მეტი უკრაინელი და რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.
„ისინი ასევე ზოგიერთ ქალაქზე დარტყმებს იღებენ. ეს კი ნიშნავს, რომ სიცოცხლე ქალაქებსა და დაბებშიც ქრება. ეს არასდროს უნდა მომხდარიყო, არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი,“ - თქვა ტრამპმა