უკრაინული მედიის ცნობით, სუმის რეგიონში რუსული დრონების მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი, ექვსი დაიჭრა, მათ შორის სამი ბავშვი, დაზიანდა 30-მდე სახლი.
შუაღამისას, რუსებმა სუმის ოლქის ვერხნესიროვსკაიას თემის ერთ-ერთ სოფელზე დრონებით მასშტაბური შეტევა განახორციელეს.
„მტრის თავდასხმის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
მათ შორისაა 8 წლის ბიჭი, რომელიც სახლის ნანგრევებიდან ამოიყვანეს.
ასევე დაიღუპნენ სხვადასხვა ოჯახიდან ერთი ქალი და ერთი კაცი. კიდევ ექვსმა ადამიანმა, მათ შორის სამმა ბავშვმა, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. ყველა დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი და საჭირო დახმარებას იღებს“, - ნათქვამია სუმის ოლქის პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამართალდამცავების თქმით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა დაახლოებით 30 საცხოვრებელი შენობა და ოთხი ავტომობილი. გაჩნდა მასშტაბური ხანძარი.