ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი შესწორებებით დაამტკიცა.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაამტკიცა შესწორებებით საქართველოს შესახებ ყოველწლიური ანგარიში 55 ხმით 14-ის წინააღმდეგ, ოთხმა თავი შეიკავა. ანგარიშის მომხსენებელი ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენეა.
როგორც ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზშია აღნიშნული, ახალ ანგარიშში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აცხადებენ, რომ „საქართველოში 2024 წლის ოქტობრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები იყო აშკარა გარდმტეხი მომენტი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში ავტორიტარული მთავრობისკენ“.
მათი თქმით, „ამ ნაკლოვანმა კენჭისყრამ გზა გაუხსნა მმართველ პარტია „ ქართულ ოცნებას“, უკანონოდ მიიტაცოს სახელმწიფო ინსტიტუტები და დემოკრატიული გარანტიები, წინ წაწიოს რეპრესიული კანონმდებლობა და ასევე ჩაახშოს პოლიტიკური ოპონენტები, ჟურნალისტები და მშვიდობიანი დემონსტრანტები“.
„იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედების ამჟამინდელი კურსი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზას, ევროპარლამენტის წევრებმა გაიმეორეს მოწოდება საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისკენ საერთაშორისო და დამოუკიდებელი ადგილობრივი დამკვირვებლების მონიტორინგით. ვიდრე ასეთი არჩევნები არ იქნება ორგანიზებული, ევროპარლამენტის წევრები შეინარჩუნებენ საქართველოს ამჟამინდელი ერთპარტიული პარლამენტისა და პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არაღიარების პოლიტიკას და მოუწოდებენ ევროკავშირს და წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ ორმხრივი და კოორდინირებული პერსონალური სანქციები „ქართული ოცნების“ საკვანძო მაღალჩინოსნებისა და რეჟიმის ხელშემწყობებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე. მზარდი რეპრესიული საკანონმდებლო გარემოს გათვალისწინებით, ევროპარლამენტარები ასევე მოითხოვენ საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის დაუყოვნებლივ გადახედვას და მოუწოდებენ ევროკომისიას, გადახედოს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციას“, – ნათქვამია პრესრელიზში.
პრესრელიზის თანახმად, „ქართული ოცნებისთვის“ დემოკრატიული რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე დაბრუნებისკენ მოწოდებასთან ერთად, ევროპარლამენტარები კიდევ ერთხელ ადასტურებენ სოლიდარობას ქართველი ხალხის და მათი ლეგიტიმური პროევროპული მისწრაფებების მიმართ.
„ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მედეგობის მორიგი გამოცდაა. შედეგად, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ქვეყნის ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა ასახოს ქართველი ხალხის ერთიანობა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაში, როგორც უკვე ნაჩვენები იყო ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით. ევროპარლამენტარები ასევე გამოხატავენ ღრმა შეშფოთებას საქართველოს ამჟამინდელი შემზღუდველი მედიაგარემოსა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე თავდასხმების გამო, მათ შორის, „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებების გამო, რომლებიც მიუთითებენ მათ განზრახვაზე, არაკონსტიტუციურად გამოაცხადონ ოპოზიციური პარტიები“, – აღნიშნულია პრესრელიზში.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ დამტკიცებულ ანგარიშს ევროპარლამენტს კენჭისყრაზე მომავალ პლენარულ სესიაზე წარუდგენენ.