დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამტრედიის ქუჩაზე კორპუსის აფეთქების გამომწვევი სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა, თუმცა, ჯერ საგამოძიებო მოქმედებები დასრულებული არაა. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.
მისი თქმით, ყველა ოჯახს, რომელსაც აფეთქების შედეგად საცხოვრებელი ფართები დაუზიანდა, თბილისის მერია დაეხმარება, იქამდე კი, ისინი დიდუბის რაიონის გამგეობამ დროებით სასტუმროებში გადაიყვანა.
„აფეთქების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. შესაბამისი უწყების წარმომდგენლები ადგილზე მობილიზებულნი არიან. სავარაუდოდ, ეს იყო ბუნებრივი აირის გაჟონვა. თუმცა, სანამ გამოძიება არ დასრულდება, კონკრეტიკაზე საუბარი გაგვიჭირდება. გადავრჩით, რომ მსხვერპლი არ არის. აღნიშნულ კორპუსში მცხოვრებლები დროებით სასტუმროებში არიან გადაყვანილნი, ზოგმა კი თავისი სურვილით ახლობლების სახლში დარჩენა ისურვა.
ჩვენ, რა თქმა უნდა, დღესვე ჩავატარებთ ექსპერტულ კვლევებს, რომ დავადგინოთ როგორია კორპუსის მდგომარეობა. როგორც კი შესაბამისი დასკვნა გვექნება, მაშინვე დავიწყებთ სამუშაოებს, რომ აღნიშნული კორპუსი გამაგრდეს-მოწესრიგდეს. ყველა იმ ოჯახს და ადამიანს დავეხმარებით, ვისაც აფეთქების შედეგად საცხოვრებელი ფართები დაუზიანდა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქუჩა N2-ში, საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა. აღნიშნულ მისამართზე 93 ოჯახი ცხოვრობს. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. დაზარალებული მოსახლეობა შენობიდან დროულად გამოიყვანეს. მათი სასტუმროებში დაბინავება დიდუბის რაიონის გამგეობამ უზრუნველყო.