უკრაინამ, შესაძლოა, ოთხშაბათს მიიღოს უახლესი ამერიკული მაღალი სიზუსტის შორ მანძილზე მოქმედი GLSDB-ის ტიპის რაკეტები. ამის შესახებ Politico წყაროებზე დაყრდნობით წერს, ეს ინფორმაცია მოგვიანებით Reuters-მაც დაადასტურა.
მედიასაშუალებების ცნობით, GLSDB-ის მიწოდება უკრაინისთვის დამტკიცდა 16 იანვარს, ფლორიდაში, მექსიკის ყურეში წარმატებული გამოცდის შემდეგ.
საუბარია მაღალი სიზუსტის რაკეტებზე, რომელთა ფრენის დიაპაზონი 150 კილომეტრია. სისტემა შედგება მცირე დიამეტრის ბომბისაგან სარაკეტო ძრავით. ამერიკულ-შვედური რაკეტების გაშვება შესაძლებელია HIMARS-ის დანადგარებიდანაც.
როგორც Politico აღნიშნავს, კიევი მიიღებს ამ საბრძოლო მასალის უახლეს ვერსიას, რომლის გაშვებაც მიწიდან ხდება. ამჟამად, აშშ-ს არმიას აქვს ამ შეიარაღების მხოლოდ საჰაერო გაშვების ვერსია.
Reuters-ის ცნობით, ახალი იარაღი უკრაინას საშუალებას მისცემს, დაარტყას სამიზნეებს ორჯერ მეტი მანძილის დაშორებით, იმ რაკეტებთან შედარებით, რომლებსაც ამჟამად იყენებს აშშ-ს მიერ მიწოდებული HIMARS-ის სისტემების საშუალებით. სააგენტოს წყაროების თქმით, ამან შესაძლოა, აიძულოს რუსეთი გადაიტანოს თავისი საცავები ფრონტის ხაზიდან მოშორებით.
უკრაინას სჭირდება GLSDB-ის რაკეტები, რათა შეავსოს 160 კილომეტრამდე მანძილზე მოქმედი ATACMS-ის ტიპის რაკეტების შეზღუდული რაოდენობა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა შემოდგომის დასაწყისში გადასცა.