პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ გერმანიაში ვიზიტისას კვლავ წამოჭრა რეპარაციების საკითხი.
"ის, რაც გერმანიამ გაუკეთა პოლონეთს მეორე მსოფლიო ომის დროს, საშინელი და სასტიკი იყო," - თქვა სიკორსკიმ, 30 იანვარს Welt TV-სთან ინტერვიუში, გერმანელ კოლეგასთან ანალენა ბერბოკთან მოლაპარაკების შემდეგ.
სიკორსკის განცხადებით, კარგი იქნება, თუ გერმანია გამოსავალს იპოვნის, რათა გამოხატოს თავის სინანული და გააკეთოს სიკეთე იმ ადამიანებისთვის, ვინც "ეს სისასტიკე გადაიტანა".
მისივე თქმით, სიკეთის გაკეთება ფინანსური კომპენსაციის გადახდაში უნდა გამოიხატოს, თუმცა კონკრეტული თანხის ოდენობა არ დაუსახელებია.
ამასთან, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია პოლონეთის მოკავშირეა.
"მაშინაც კი, თუ ბერლინსა და ვარშავას განსხვავებული შეხედულებები აქვთ ზოგიერთ საკითხზე, შეიძლება, ამას მივუდგეთ კონსტრუქციულად, კონფრონტაციული რიტორიკის გარეშე", - თქვა მან.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა გერმანიასა და პოლონეთის შორის თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ევროპას როგორც არასდროს სჭირდება ძლიერი გერმანულ-პოლონური მეგობრობა და ღრმა ნდობა ვარშავასა და ბერლინს შორის", - თქვა ბერბოკმა და დასძინა, რომ ორმა ქვეყანამ ერთად უნდა იმუშაონ კონტინენტის საკეთილდღეოდ.
შეგახსენებთ, 2022 წლის 1 სექტემბერს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 73-ე წლისთავზე, პოლონეთის პარლამენტის კომისიამ წარმოადგინა შეფასება იმ ზარალის ოდენობის შესახებ, რომელიც გერმანიამ მიაყენა პოლონეთს ომის დროს.
კომისია გერმანიის მიერ მიყენებულ ზიანს 6.2 ტრილიონ ზლოტად (1.5 ტრილიონი დოლარი) აფასებდა.
წარსულში პოლონეთმა არაერთხელ წამოჭრა გერმანიასთან დიალოგში რეპარაციების საკითხი. ბერლინი მიიჩნევს, რომ რეპარაციების საკითხი დახურულია.
მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად პოლონეთისთვის მიყენებული ზარალის შესახებ მოხსენება მოიცავს სამ ტომს. პირველ ტომში საუბარია გაწეულ სამუშაოზე, რომელიც ჩატარდა ზიანის შესაფასებლად, დანარჩენი ორი მოიცავს ინფორმაციას ნაცისტური გერმანიის მიერ 1939-1944 წლებში ჩადენილი დანაშაულების შესახებ. ტომეულში ასევე წარმოდგენილია ფოტომასალა, რომელიც ასახავს პოლონეთის მოქალაქეთა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს.
მოხსენების თანახმად მიყენებული ზიანი შეადგენს 6 ტრილიონ 220 მილიარდ 609 მილიონ ზლოტს, რაც დაახლოებით 1 ტრილიონ 532 მილიარდ 170 მილიონი აშშ დოლარია.
მოხსენების ავტორების თქმით, პოლონეთის პრეტენზიებს გერმანიის მიმართ ვადა არ გასვლია და არ აქვს ხანდაზმულობა.
მეორე მსოფლიო ომი 1939 წლის 1 სექტემბერს ნაცისტური გერმანიის მიერ პოლონეთში შეჭრით დაიწყო.