უკრაინას მეტი საბრძოლო მასალა სჭირდება. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა ბრიუსელში ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა.
„უნდა ვაჩვენოთ, რომ კვლავ ერთგულები ვართ ჩვენი მკაფიო ვალდებულებების მიმართ უკრაინის წინაშე “, - თქვა მან და დასძინა, რომ „მნიშვნელოვანია სიტუაციის გარკვევა და გააზრება სად ვართ ახლა, სად ვიქნებით მარტისთვის და წლის ბოლომდე“.
ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ევროკავშირის სამიტის წინ იმართება, რომელზეც ევროკავშირის ლიდერები უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას განიხილავენ. სამიტი 1-ელ თებერვალს ბრიუსელში გაიმართება.
ევროპის ქვეყნები ცდილობენ უნგრეთის ხელისუფლებასთან შეთანხმებას, რომლის პოზიციის გამო გასული წლის ბოლოს დაიბლოკა კიევისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების პაკეტის გამოყოფა.