მზარდმა გლობალურმა არასტაბილურობამ და რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ გამოიწვია ამერიკულ იარაღზე მოთხოვნის გაზრდა.
შეერთებული შტატების სამხედრო ტექნიკის საზღვარგარეთ გაყიდვები 2023 წელს 16%-ით გაიზარდა და რეკორდულ 238 მილიარდ დოლარს მიაღწია. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
ამერიკული იარაღის ექსპორტის ზრდა გამოიწვია ქვეყნების სურვილმა შეავსონ თავიანთი მარაგები, რადგან რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინას არაერთი სამხედრო ტექნიკა მიაწოდეს. ამასთან, შემსყიდველებს სურთ, გააძლიერონ თავდაცვის უნარები შესაძლო ფართომასშტაბიანი კონფლიქტის შემთხვევაში.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, რეკორდული მაჩვენებელი კიდევ უფრო აძლიერებს გაყიდვების მოლოდინების იარაღის მწარმოებელი კომპანიებისთვის, როგორებიცაა Lockheed Martin, General Dynamics და Northrop Grumman. ვარაუდობენ, რომ ამ კომპანიების აქციების ფასი გაიზრდება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, იარაღის გაყიდვა და მიწოდება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელსაც რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებაზე გრძელვადიანი შედეგები აქვს.
არსებობს ორი გზა, რითაც უცხო ქვეყნის მთავრობები ყიდულობენ იარაღს ამერიკული კომპანიებისგან. პირველი გზა არის, როდესაც ხორციელდება პირდაპირი კომერციული მოლაპარაკებები უცხო ქვეყნის მთავრობებსა და იარაღის მწარმოებელ კომპანიებს შორის. მეორე გზის შემთხვევაში კი, უცხო ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო უკავშირდება აშშ-ის საელჩოს ან ვაშინგტონში თავდაცვის დეპარტამენტს. ორივე შემთხვევაში საჭიროა აშშ-ის თანხმობა.
კომპანია Lockheed აწარმოებს HIMARS-ს, ხოლო RTX, ყოფილი Raytheon, აწარმოებს AMRAAM-ს.
Lockheed Martin და General Dynamic მოელიან ასობით ათასი საარტიოლერიო ჭურვის, "პატრიოტების" და ჯავშანტექნიკის მზარდ შეკვეთებს.
ამერიკული კომპანიების პირდაპირი სამხედრო გაყიდვები 157,5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა 2023 წლის საფინანსო წელს, 2022 საფინანსო წლის 153,6 მილიარდი დოლარიდან. ხოლო გაყიდვები აშშ-ის მთავრობის ხაზით გაიზარდა 80,9 მილიარდ დოლარამდე 2023 წელს, წინა წლის 51,9 მილიარდი დოლარიდან.