ევროკავშირი ემუქრება უნგრეთის ეკონომიკას, თუ ბუდაპეშტი არ მოხსნის ვეტოს უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების საკითხს. იტყობინება გამოცემა Financial Times-ი.
დოკუმენტში, რომელიც Financial Times-მა მოიპოვა, ასახულია სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს შეტევას უნგრეთის „ეკონომიკურ სისუსტეებზე“. ამ სისუსტეებს შორის ევროკავშირი მოიაზრებს მაღალ ინფლაციასა ეროვნულ ვალუტას.
თუ უნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი კვლავ დაბლოკავს გადაწყვეტილებას კიევისთვის დახმარების გამოყოფის შესახებ 1 თებერვალს დაგეგმილ სამიტზე, ევროკავშირი აპირებს კიდევ უფრო შეასუსტოს უნგრეთის ვალუტა და შეამციროს ეკონომიკის საინვესტიციო მიმზიდველობა, რათა ზიანი მიაყენოს "სამუშაო ადგილებს და ეკონომიკურ ზრდას".
Financial Times-ის ცნობით, ორბანის წინააღმდეგობის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა შესაძლოა, საჯაროდ განაცხადონ, რომ ბრიუსელი სრულად წყვეტს ბუდაპეშტის დაფინანსებას, რაც გამოიწვევს „ბაზრის შეშინებას“.
„ევროპულმა და საერთაშორისო კომპანიებმა შეიძლება დაკარგონ ინტერესი უნგრეთში ინვესტირების მიმართ. ეს გამოიწვევს ბიუჯეტის დეფიციტის ზრდას და გაცვლითი კურსის დაცემას“,- აღნიშნულია ბრიუსელის დოკუმენტში.
უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრის იანოშ ბოკას განცხადებით, მისთვის უცნობია ბრიუსელის ასეთი განზრახვის თაობაზე. მისი თქმით, ბუდაპეშტი „ზეწოლას არ ემორჩილება“.
ბოკას განცხადებით, ბუდაპეშტმა ახალი წინადადება გაუგზავნა ევროკავშირს უკრაინის დახმარების თაობაზე. ამ წინადადების თანახმად, უნგრეთი ხელს არ შეუშლის უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას, თუ ექნება შესაძლებლობა, მოგვიანებით შეცვალოს ეს გადაწყვეტილება.