26 იანვარს, შეერთებულ შტატებში ალაბამის ციხეში 58 წლის კენეტ სმიტი სიკვდილით დასაჯეს აზოტის აირის გამოყენებით, რაც ამ მეთოდით სასიკვდილო განაჩენის აღსრულების პირველი შემთხვევაა მსოფლიოში.
სიკვდილით დასჯა ადგილობრივი დროით 19:56 საათზე დაიწყო, გარდაცვალება 20:25 საათზე დაფიქსირდა.
ცოტა ხნით ადრე, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უარყო ბრალდებულის ადვოკატების მოთხოვნა, სასჯელის გადავადების თაობაზე.
2022 წელს კენეტ სმიტის სიკვდილით დასჯა დაგეგმილი იყო სასიკვდილო ინექციით, რაც წარუმატებელი აღმოჩნდა.
სმიტის ადვოკატები მოითხოვდნენ, შეეჩერებინათ სიკვდილით დასჯა, რადგან განაჩენის აღსრულების მეორე მცდელობა არღვევდა აშშ-ის კონსტიტუციის მერვე შესწორებას, რომელიც ითვალისწინებს სასტიკი და უჩველო სასჯელებისგან დაცვას. მათი თქმით, ნებისმიერი მეთოდით სიკვდილით დასჯის მეორე მცდელობა არაკონსტიტუციურია.
ეს არის აირით სიკვდილით დასჯის პირველი შემთხვევა 1999 წლის შემდეგ, როდესაც მსჯავრდებული მკვლელი დასაჯეს წყალბადის ციანიდის აირის გამოყენებით.
აზოტის აირით სიკვდილით დასჯა ითვალისწინებს ჟანგბადის მიწოდების შეწყვეტას ნიღბით, რომელიც შეერთებულია აზოტის ბალონთან.
გაერომ დაგმო სიკვდილით დასჯის ეს მეთოდი და მოუწოდა აშშ-ის მთავრობას, არ აღასრულოს იგი. გაერომ სიკვდილით დასჯის ეს მეთოდი "წამებას" შეადარა.
სმიტი 1988 წელს ცნეს დამნაშავედ, თანამზრახველთან ერთად, პასტორის ცოლის, ელიზაბეტ სენეტის მკვლელობაში. გამოძიების თანახმად, ცოლის მკვლელობა ქმარმა შეუკვეთა 1000 დოლარის სანაცვლოდ.
2023 წელს შეერთებულ შტატებში 24 სიკვდილით დასჯის განაჩენი აღესრულა, ყველა მათგანი ლეტალური ინექციის გამოყენებით.
სიკვდილით დასჯა გაუქმდა აშშ-ის 23 შტატში, 6 სხვა შტატში - არიზონა, კალიფორნია, ოჰაია, ორეგონი, პენსილვანია და ტენესი - გუბერნატორებმა შეაჩერეს მისი გამოყენება.