გერმანიის კათოლიკურ ეკლესიაში სექსუალური ძალადობისა და სასტიკი მოპყრობის შემთხვევების გარშემო შექმნილი სკანდალების შემდეგ, მსგავსი დანაშაულები და ძალადობა გამოვლინდა პროტესტანტულ ეკლესიაში. იუწყება "დოიჩე ველე".
ჰანოვერის უნივერსიტეტის კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელის, მარტინ ვაცლავიკის განცხადებით, ბოლო წლებში ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა ძალადობისა და სასტიკი მოპყრობის სულ მცირე 2 225 მსხვერპლი, ასევე 1259 სავარაუდო დამნაშავე.
„ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალია“, - აღნიშნა ვაცლავიკმა, რომელმაც გერმანიის ევანგელისტური ეკლესიისა (EKD) და საქველმოქმედო ირგანიზაცია Diakonie Deutschland-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინა.
ძალადობის მსხვერპლებმა მოითხოვეს ასეთი დანაშაულების იდენტიფიცირების გაგრძელება და აუცილებელი ზომების მიღება, მათ შორის სახელმწიფო დონეზე. დაზარალებულთა წარმომადგენელმა კატრინა კრახტმა განაცხადა, რომ სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა დანაშაულების გამოძიებაზე, რადგან ეკლესიას არ აქვს არც საჭირო კომპეტენცია და არც საკმარისი ინტერესი მათ გამოსაძიებლად. მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, დანაშაული გაუხსნელი დარჩება.
მსგავსი კვლევის ჩატარების ინიციატივა თავად EKD-მ 2020 წელს წამოიწყო. მან გამოყო 3.6 მილიონი ევრო საეკლესიო სტრუქტურების ანალიზის ჩასატარებლად, რომელსაც შეუძლია წაახალისოს ძალადობა. კრახტის თქმით, ეს დაგვიანებული იყო, თუმცა ამ შემთხვევების შესწავლა მნიშვნელოვანია დაზარალებულებისთვის. როგორს მან აღნიშნა, შესრულებული სამუშაო უნდა იყოს უფრო ფართო შესწავლის დასაწყისი და რაც შეიძლება სწრაფად უნდა განხორციელდეს.
EKD-ის საბჭოს თავმჯდომარემ კირსტენ ფერსმა კვლევის შედეგების პრეზენტაციისას ბოდიში მოუხადა მათ, ვინც გადაიტანა სექსუალური ძალადობა და სასტიკი მოპყრობა. „როგორც ორგანიზაცია, ჩვენ დამნაშავეები ვართ უამრავი ადამიანისთვის ზიანის მიყენებაში“, - თქვა ფერსმა და დასძინა, რომ ღრმად შეძრწუნებულია“ კვლევის შედეგად გამოვლენილი ვითარებით.
გერმანიის კათოლიკურ ეკლესიაში სექსუალური ძალადობის შესახებ კვლევის თანახმად, რომლის შედეგებიც 2018 წელს გამოქვეყნდა, შესწავლილი იქნა თითქმის 40 ათასი ადამიანის პირადი საქმე 1945-დან 2014 წლამდე.
შესაძლებელი გახდა იმის დადგენა, რომ 1 670 მღვდელს შეეძლო მსგავსი დანაშაულის ჩადენა 3 677 ბავშვისა და მოზარდის მიმართ. როგორც მედია აღნიშნავს, კათოლიკურ ეკლესიაში სკანდალების ფონზე მრევლი მასობრივად ტოვებს ეკლესიას.