რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ილ-76-ის ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა. იტყობინება ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი.
თვითმფრინავი რუსეთის ბელგოროდის ოლქში, კოროჩანსკის რაიონში დასახლებულ პუნქტთან, მინდორში ჩამოვარდა.
სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა. უწყების ცნობით, ბორტზე იმყოფებოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების 65 ტყვედ გადაყვანილი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც ბელგოროდის ოლქში გაცვლის მიზნით გადაჰყავდათ. ბორტზე ასევე იმყოფებოდნენ ეკიპაჟის 6 წევრი და 3 თანმხლები პირი.
რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის, ანდრეი კარტოპოლოვის მტკიცებით, "თვითმფრინავი ჩამოგდებულია პატრიოტიოს რაკეტით ან IRIS-T-ით".
მისი თქმით, "ილ-76-ის ჩამოვარდნის შემდეგ უკრაინასთან ტყვეების შემდგომ გაცვლაზე საუბარი არ შეიძლება".
მისივე მტკიცებით, "უკრაინულმა მხარემ თვითმფრინავი განზრახ ჩამოაგდო, რათა ჩაეშალა სამხედრო ტყვეების გაცვლა და ამაში რუსეთი დაედანაშაულებინა".
უკრაინული გამოცემები "უკრაინსკა პრავდა" და РБК-Украина, სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ თვითმფრინავს გადაჰქონდა რაკეტები საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების, S-300-ისთვის და ის უკრაინულმა ძალებმა ჩამოაგდეს. თუმცა, მალევე აღნიშნულმა გამოცემებმა პუბლიკაციები ჩაასწორეს და ამოიღეს ინფორმაცია ინციდენტში უკრაინელი სამხედროების მონაწილეობის შესახებ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ "ჯერ კიდევ აზუსტებს ინფორმაციას".
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თვითმფრინავის ჩამოგდებაში ბრალი კიევს დასდო. უწყება უკრაინას ადანაშულებს "ბარბაროსობასა" და "ადამიანის სიცოცხლის სრული უგულებელყოფის" დემონსტრირებაში.
"ეს სისხლიანი ინციდენტი აჩენს დიდ კითხვის ნიშანს, თუ რამდენად შესაძლებელია რაიმე შეთანხმება და ნებისმიერი ფორმატი უკრაინასთან", - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა როდიონ მიროშნიკმა.