უკრაინის ბედი დიდწილად დამოკიდებულია მისი დასავლელი მოკავშირეების ქმედებებზე და ამაში 2024 წელი შეიძლება იყოს გადამწყვეტი. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა განაცხადა.
შაპსმა თქვა, რომ რუსეთი ზრდის ომის ხარჯებს და არ აინტერესებს ის, თუ რამდენ სამხედროს გამოიყვანს ფრონტზე,
"პუტინს სჯერა, რომ დასავლეთი შეიძლება "გამოიფიტოს". მას სჯერა, რომ ჩვენ არ გვაქვს საკმარისი სტრატეგიული მოთმინება, ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ის ცდება... ამ გამორჩეულ "დემოკრატიის წელს" უკრაინის ბედი დასავლეთის ხელშია და ჩვენ არ შეგვიძლია მას ვუღალატოთ“, - ამბობს ის.
შაპსი ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას გრძელვადიან პერსპექტივაში და უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფში ის უგზავნის სიგნალს კოლეგებს, რომ მათაც ასევე იმოქმედონ.
"ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ იმპულსი. ამისათვის გვჭირდება მეტი დიპლომატიური, ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერა. პუტინს გამარჯვების უფლებას არ მივცემთ, ეს დაუშვებელია. ეს მას არა მხოლოდ თავდაჯერებულობას მისცემს და საფრთხეს შეუქმნის ჩვენს პარტნიორებს აღმოსავლეთ ევროპაში, არამედ სიგნალს გაუგზავნის ჩინეთსაც... არ შეიძლება ვიყოყმანოთ. არავითარი მცდელობა "შუაში მანევრირებისა" და ლოდინი, თუ რა მიმართულებით დაუბერავს ქარი," - თქვა შაპსმა.