რუსეთის ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბორტზე იმყოფებოდა ტყვედ აყვანილი უკრაინის შეიარაღებული ძალების 65 სამხედრო მოსამსახურე.
თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა სოფელ იაბლონოვოსთან. რუსეთის მიერ ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე მყოფი ყველა პირი დაღუპულია.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ "ინციდენტი" მოხდა კოროჩანსკის რაიონში. მას არ დაუკონკრეტებია ინციდენტის დეტალები.
"ამჟამად ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ", - თქვა მან.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მალევე დაადასტურა ილ-76-ის ჩამოვარდნა. უწყების ცნობით, ბორტზე იმყოფებოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების 65 ტყვედ გადაყვანილი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც ბელგოროდის ოლქში გაცვლის მიზნით გადაჰყავდათ. ბორტზე ასევე იმყოფებოდნენ ეკიპაჟის 6 წევრი და 3 თანმხლები პირი.
უკრაინული გამოცემა "უკრაინსკა პრავდა" წერს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების წყარომ დაადასტურა თვითმფრინავის ჩამოვარდნა. მათივე ცნობით, თვითმფრინავს გადაჰქონდა რაკეტები საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების, S-300-ისთვის.