პენტაგონში აცხადებენ, რომ წელს უკრაინა მიიღებს პირველ F-16-ის ტიპის გამანადგურებლებს, ასევე შესაბამის ინფრასტრუქტურას და სათადარიგო ნაწილებს.
ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში სელესტ ვოლანდერმა განაცხადა.
„ჩვენ ვმუშაობთ F-16-ის პროგრამაზე და ვცდილობთ უზრუნველვყოთ უკრაინის თავდაპირველი ოპერატიული მზადყოფნა F-16-ის პროგრამით 2024 წელს“, - თქვა მან.
პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, პროგრამა მოიცავს პილოტების მომზადებას, პლატფორმებს, ტექნიკოსების მომზადებას, ასევე სათადარიგო ნაწილებსა და საბრძოლო მასალას.
შეგახსენებთ, რომ კანადის თავდაცვის მინისტრმა ბილ ბლერმა 23 იანვარს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-18 შეხვედრაზე განაცხადა, რომ კანადელი ინსტრუქტორები შეუერთდებიან F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მართვისთვის უკრაინელი მფრინავების მომზადებას.
დეკემბრის ბოლოს უკრაინელი მფრინავების პირველმა ჯგუფმა დაასრულა საბაზისო მომზადება დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალებში და გაემგზავრა დანიაში F-16-ების მართვის შესასწავლად.
რუმინეთში, ნიდერლანდების დახმარებით, გასული წლის ნოემბერში გაიხსნა F-16-ის სასწავლო ცენტრი, რომელიც ასევე მიიღებს უკრაინელ პილოტებს.